აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოხარული არიან განაცხადონ, რომ ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. აშშ და ევროკავშირი ამ ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც პირველ ნაბიჯს პროცესში, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაფართოვდეს და დამატებითი სფეროები მოიცვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.
შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აპირებს გააუქმოს ტარიფები აშშ-ის ინდუსტრიულ პროდუქტებზე და ბაზარზე წვდომისას პრიორიტეტი მიანიჭოს აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მრავალ სახეობას.
შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს. ასევე, ევროკავშირი გეგმავს, რომ აშშ-დან სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შესყიდვები გაზარდოს.
„ეს ვალდებულება ასახავს საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მოწინავე და საიმედო თავდაცვის ტექნოლოგიებით იყვნენ აღჭურვილნი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.