Loading data...
„არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენება“ - ზელენსკი პარუბის მკვლელის დაკავებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ ესაუბრა გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებული შემდგომი პროცედურული ნაბიჯების შესახებ, იტყობინება სახელმწიფოს მეთაური Telegram არხზე.

„არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენება. ამჟამად ტარდება დამატებითი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ამ მკვლელობის ყველა გარემოების დასადგენად“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურორების მთელი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობას აგრძელებს.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ეროვნული პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა - ყველა მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს. გმადლობთ!“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი მოკლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პარუბის 5-ჯერ ესროლეს.

პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე, იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი.