არგენტინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა
არგენტინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საკუთარი წევრობა შეწყვიტა. ოფიციალური განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაბლო კირნომ გააკეთა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყანა კვლავ ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმებების და რეგიონული ფორუმების მეშვეობით. ამასთანავე, სრულად დაცული იქნება არგენტინის სუვერენიტეტი და ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“, - დაწერა კირნომ X-ში.
ზუსტად ერთი წლის წინ არგენტინის ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს ჯანმოდან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიაწოდა. არგენტინის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ახსნა Covid-19-ის პანდემიის დროს ჯანმოს პოლიტიკასთან უთანხმოების გამო.
ანალოგიური გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის წინ აშშ-მა მიიღო. ის მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. აშშ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა, რომელიც 1948 წელს შეიქმნა და რომელშიც 190-ზე მეტი ქვეყანა შედის. დონალდ ტრამპმა ჯანმო კორუფციაში, არაეფექტიანობაში და ჩინეთის პოლიტიკური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.