არჩევნები პორტუგალიაში: პარტიის ლიდერები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

პორტუგალიაში საარჩევნო პროცესი გრძელდება. პარტიის ლიდერები მოქალაქეებს საარჩევნო ყუთებთან აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
კანდიდატების უმეტესობამ ხმა დილით მისცა, მათ ხაზი გაუსვეს ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას. 12 საათისთვის ამომრჩეველთა, დაახლოებით, 25.6 პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული.
პორტუგალიაში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ საკანონმდებლო არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა ოდნავ მეტია, ვიდრე 2024 წლის 10 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე იყო.
დილით მისცეს ხმა სხვადასხვა პარტიის ლიდერებმაც. მათ შორის, არჩევნების მთავარმა კანდიდატმა ლუიშ მონტენეგრომაც. ის ხმის მისაცემად ესპინიოს ესტუმრა.
დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „აქტივობის მაღალ მაჩვენებელს“ ელის მოსახლეობისგან და დარწმუნებულია, რომ ხალხი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ არჩევნებს ახლავს. „მათ ხმა უნდა მისცენ კეთილდღეობას, იმედს და სტაბილურობას“, - აღნიშნა მონტენეგრომ.
შეგახსენებთ, რომ ეს პორტუგალიაში მიმდინარე რიგით მესამე ვადამდელი არჩევნებია, ბოლო სამი წლის განმავლობაში.