Loading data...
არაღჩი აცხადებს, რომ უიტკოფისგან „პირდაპირი შეტყობინებები“ მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისგან სტივ უიტკოფისგან „პირდაპირი შეტყობინებები“ მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კატარის ტელეარხ „ალ ჯაზირასთან“ საუბრისას არაღჩიმ განაცხადა: „ის, რაც ახლა ხდება, არ არის მოლაპარაკებები, არამედ შეტყობინებების გაცვლაა პირდაპირ, ან რეგიონში ჩვენი მეგობრების მეშვეობით“.

მისი თქმით, უიტკოფის შეტყობინებები მოიცავს „მუქარას, ან შეხედულებების გაცვლას“. არაღჩიმ უარყო, რომ ირანში კონკრეტული ორგანო აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ირანის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხორციელდება, თუმცა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღიარა „უსაფრთხოების ორგანოებს შორის კომუნიკაცია“.

„ჩვენ არ გაგვიგზავნია პასუხი აშშ-ის 15-პუნქტიან წინადადებაზე და არ წარმოგვიდგენია რაიმე წინადადება, ან პირობა“, - განაცხადა არაღჩიმ და დასძინა, რომ ომის დასრულებისთვის თეირანის პირობები „ნათელია“. მისი თქმით, ესენია:

1) გარანტიები, რომ ირანს აღარ დაესხმებიან თავს;

2) ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 

ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი დათანხმდება არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ომის სრულ დასრულებას „არა მხოლოდ ირანში, არამედ მთელ რეგიონში“. 

ამასთან, არაღჩიმ კვლავ გააჟღერა თეირანის პოზიცია, რომ ირანის თავდასხმები მეზობელ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მიმართულია არა თავად ამ ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ აშშ-ის აქტივების წინააღმდეგ. თუმცა მან აღიარა, რომ „მომავალში მეზობელ ქვეყნებთან ნდობის აღდგენა რთული იქნება“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს მიღწეული იქნება.