Loading data...
„არ ვფიქრობთ, რომ ასეთი განცხადება რაიმე კომენტარს იმსახურებს“ - კრემლი უარყოფს ზელენსკის მტკიცებას, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან ნატოზე თავდასხმას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას განიხილავს, რუსეთის მხრიდან რეაქციას არ იმსახურებს.

კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ბელარუსი უფრო ღრმად ჩაითრიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში და განიხილავს უკრაინის ჩრდილოეთით, ან ნატოს რომელიმე ქვეყანაზე ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმის გეგმებს.

„ასეთი განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ომის გახანგრძლივებისა და დაძაბულობის ესკალაციისკენ მიმართული შემდგომი წაქეზების მცდელობა“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი განცხადება რაიმე კომენტარს იმსახურებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

18 მაისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან თანამშრომლობით დაიწყეს წვრთნები, რათა შეამოწმონ სამხედროების მზადყოფნა ბირთვული იარაღის განლაგებისთვის. სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის.