Loading data...
„არ მაწუხებს ხალხის ხუმრობები, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ადამიანები სულელურ ომებს იწყებენ, რის შედეგადაც ათასობით ჩემი თანამემამულე იღუპება“ - ვენსი ტრამპის მისამართით კრიტიკას გამოეხმაურა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასაცავად გამოვიდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა Truth Social-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პაპის როლშია გამოსახული.

ტრამპმა სურათი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ხუმრობით თქვა, რომ ისურვებდა, კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური გამხდარიყო.

„ზოგადად, არ მაწუხებს ხალხის ხუმრობები, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ადამიანები სულელურ ომებს იწყებენ, რის შედეგადაც ათასობით ჩემი თანამემამულე იღუპება“, - დაწერა ვენსმა X-ზე The Bulwark-ის რედაქტორის ბილ კრისტოლის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც პოსტის სახით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მისამართით იკითხა: „ჰეი, ვენს, თქვენთვის მისაღებია წმინდა მამის მიმართ ასეთი უპატივცემულობა და დაცინვა?“.

ნიუ-იორკის კათოლიკურმა კონფერენციამ ტრამპის პოსტი გააკრიტიკა, რომელიც თეთრი სახლის ანგარიშზეც გაზიარდა.

„ამ სურათში არაფერია ჭკვიანური, ან სასაცილო, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები საზეიმო კონკლავისთვის იკრიბებიან, რათა აირჩიონ წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრე. ნუ დაგვცინით“, - წერდნენ ისინი.

ცნობისთვის, მომავალ კვირას, 7 მაისს, კათოლიკური ეკლესია ახალი პაპის ასარჩევად კონკლავს დაიწყებს, მას შემდეგ, რაც 21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.