Loading data...
აფრიკაში მიგრანტთა 2 ნავი ჩაიძირა - დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი, 61 კი დაკარგულად ითვლება

აღმოსავლეთ აფრიკაში, ჯიბუტის რესპუბლიკის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ორი ნავი ჩაიძირა. BBC-ის ცნობით, შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაკარგულად ითვლება.

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM) აცხადებენ, 310 ადამიანი ორი ნავით იემენიდან გავიდა და წითელ ზღვაში ჩაიძირა.

„ამ დროისთვის, 61 ადამიანი კვლავ დაკარგულია. სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებს ჯიბუტის სანაპირო დაცვა.

ტრაგედია მოხდა მარშრუტზე, რომელსაც ლტოლვილები და მიგრანტები აფრიკიდან ყველაზე ხშირად გადიან. როგორც BBC წერს, ეს მსოფლიოში ყველაზე საშიშ საზღვაო მარშრუტად მიიჩნევა. 

ცნობისთვის, ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი კვეთს წითელ ზღვას ნავთობით მდიდარი ყურის მიმართულებით, რათა თავი დააღწიონ მათ ქვეყნებში არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს, სტიქიურ უბედურებებსა და უმძიმეს სოციალურ პირობებს.