Loading data...
AP: ტრამპის მიერ კრემლისთვის დაწესებულმა „დედლაინმა“ შესაძლოა, მშვიდად, შედეგების გარეშე ჩაიაროს

მომდევნო კვირა შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გარდამტეხი მომენტი გახდეს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ კრემლისთვის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დადგენილი ბოლო ვადა ახლოვდება. თუმცა, როგორც Associated Press იუწყება, შესაძლებელია, რომ ტრამპის „ბოლო ვადამ“ მშვიდად და შედეგების გარეშე ჩაიაროს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპის დაპირებებმა, მუქარამ და დარწმუნებამ ჯერჯერობით ვერ შეცვალა კრემლის პოზიცია და დიპლომატიური ჩიხი კვლავ გრძელდება. ამასობაში უკრაინა ფრონტის ხაზზე სულ უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს, თუმცა მისი თავდაცვის მოახლოებული კოლაფსის ნიშნები არ არსებობს.

თავად ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ სანქციები იმუშავებს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა დაამტკიცა, რომ „საკმაოდ კარგად ახერხებს სანქციების თავიდან აცილებას“. თავად კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა შეზღუდული გავლენა მოახდინა.

„ტრამპის კომენტარები, როგორც ჩანს, იმაზე მიანიშნებს, რომ მას მცირე იმედი აქვს, რომ სანქციები პუტინს მოქმედებისკენ უბიძგებს. მეორადი სანქციები ასევე ართულებს ვაშინგტონის ურთიერთობებს ჩინეთთან და ინდოეთთან, რომლებსაც ბრალად ედებათ რუსეთის საომარი მოქმედებების დაფინანსება მისი ნავთობის შეძენით“, - წერს AP.

ამავდროულად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა, კონფლიქტიდან გავიდეს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდება.

თავად პუტინი დათმობაზე წასვლის სურვილს არ ავლენს და დიპლომატიური ატმოსფერო ტრამპის მიერ დადგენილი ვადის მოახლოებასთან ერთად იძაბება.

ამგვარად, გასულ პარასკევს პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი“ ექსპლუატაციაში შევიდა. გარდა ამისა, პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, დმიტრი მედვედევმა, აშშ-ის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომმა შესაძლოა, რუსეთი და შეერთებული შტატები შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანოს.

„პუტინი მთელი ომის განმავლობაში იმეორებდა ერთსა და იმავე გზავნილს: ის დათანხმდება შეთანხმებას მხოლოდ მისი პირობებით და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე პირობები არ შესრულდება“, - აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმი 8 აგვისტოს იწურება. თუ კრემლი ომის დასრულებას არ დათანხმდება, ტრამპმა პირობა დადო, რომ 100%-იან გადასახადს დააწესებს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას გააგრძელებენ.