Loading data...
AP - დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს არ ენდობა

„აშშ-ის მმართველი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უნდობლობას უცხადებს“, - წერს Associated Press და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც დაფიქსირდა, როდესაც მან საკუთარი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამოძიება გააპროტესტა. 

ახლა კი თემა ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ დონალდ ტრამპმა უარყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის B-2 ბომბდამშენებით იერიშმა მხოლოდ, რამდენიმე თვით დახია უკან ბირთვული პროგრამის შექმნის საკითხი. 

საპირისპიროს ირწმუნება აშშ-ის პრეზიდენტი და ამტკიცებს, რომ ბირთვული ობიექტები „სრულად განადგურებულია“. 

დიდი ალბათობით, ქვეყნის მთავარ ლიდერსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს შორის დავა გაჭიანურდება. ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, დღეს, 26 ივნისს პენტაგონში პრესკონფერენციაა დაგეგმილი. როგორც ჩანს, თეთრი სახლი საიდუმლო ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარებას გეგმავს. 

„სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები ცდილობენ რეალურ სამყაროში იცხოვრონ და აღწერონ ის ისე, როგორიც არის! პოლიტიკოსები კი, ისეთ სამყაროს აღწერენ, როგორიც მათ სურთ“, - თქვა ლარი ფაიფერმა - პირმა, რომელსაც დაზვერვის სამსახურში ყოფნის 32 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად ყოფნის. 

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები სხვადასხვა დროს, ბრაზობდნენ სადაზვერვო სააგენტოდან მიღებულ არასასიამოვნო ამბებზე, იშვიათად ყოფილა, რომ მათ შორის კონფლიქტი საჯაროდ გავრცელებულიყო“, - წერს AP.

„არ მგონია, რომ სხვა პრეზიდენტს ასეთი მედგარი წინააღმდეგობა გაეწია“, - აცხადებს ფაიფერი და დასძენს, რომ „ყველაფერი ძველი გამოცდილების ბრალია“.