AP: აშშ-მა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან კონფლიქტის ფონზე გლობალური ნავთობის მიწოდების გაზრდის გზებს ეძებს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მედიის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ ფართო ავტორიზაცია გასცა, რომელიც Petróleos de Venezuela S.A.-ს, ანუ PDVSA-ს, საშუალებას აძლევს, ვენესუელური ნავთობი პირდაპირ მიჰყიდოს ამერიკულ კომპანიებს და გლობალურ მარკეტს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი წლების განმავლობაში დიდწილად ბლოკავდა ვენესუელის მთავრობასთან და მის ნავთობის სექტორთან გარიგებებს.
ცალკე, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ტრამპი 60 დღით გააუქმებს ჯონსის აქტის მოთხოვნებს, რომლებიც აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი გემებით აშშ-ის პორტებს შორის საქონლის გადაზიდვას ეხება. 1920-იანი წლების ამ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკული გემთმშენებლობის სექტორის დაცვას, ხშირად ადანაშაულებენ საწვავის გაძვირებაში.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს ლიცენზია ვენესუელას ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების წახალისებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს, სარგებელი მოუტანოს როგორც აშშ-ს, ისე ვენესუელას, ამავდროულად, გაზარდოს გლობალური ნავთობის მარაგები.
აშშ-ის ლიცენზია სანქციების მიზანმიმართულ შემსუბუქებას ითვალისწინებს, მაგრამ მათ სრულად არ ხსნის. ლიცენზია საშუალებას აძლევს კომპანიებს, რომლებიც 2025 წლის 29 იანვრამდე არსებობდნენ, შეიძინონ ვენესუელური ნავთობი და განახორციელონ ოპერაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აკრძალული იქნებოდა აშშ-ის სანქციებით, რითაც აღდგება ნავთობის მსხვილი მწარმოებლის ვაჭრობა გლობალურ ბაზრებზე.