Loading data...
ანტონიუ კოშტა: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ დაწერა. 

„ტრანსატლანტიკური ერთიანობა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. როგორც „მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ. უკრაინის სუვერენული უფლება, განსაზღვროს მშვიდობის პირობები, უნდა იყოს დაცული.

ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების მზაობას, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში – მომავალი რუსული აგრესიის შესაკავებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ერთად უზრუნველსაყოფად. ევროპა მზადაა, შეასრულოს თავისი როლი“, - წერს ანტონიუ კოშტა.