ანტონიო ტაიანი ალასკის სამიტზე: ბურთი პუტინის მოედანზეა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული ალასკაში მისი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის შედეგები.
ტაიანი იმედოვნებს, რომ ანკორიჯის სამიტი გარდამტეხი მომენტი იქნება და ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება.
„ამის იმედი უნდა გვქონდეს. უნდა გავიგოთ, შეიძლება თუ არა ეს შედეგი ამ პირველი შეხვედრის ნაყოფი იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ ვისზეა დამოკიდებული შეხვედრის შედეგი, მან უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული.
„არ ვიცი, რამდენად მზად იქნება ის ტრამპის მოთხოვნების მოსასმენად და რამდენად სურს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ომის სწრაფად დასასრულებლად. ამიტომ, კითხვა იმდენად იმაში არ არის, თუ რას მოითხოვს ტრამპი, არამედ იმაში, თუ რას დათანხმდება პუტინი. ბურთი მის მოედანზეა. სწორედ მან უნდა თქვას, სურს თუ არა დიალოგი, სურს თუ არა შეხვედრა ზელენსკისთან“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ ომის ამ ეტაპზე რუსეთი ცდილობს, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს.