Loading data...
ანტონიო კოსტა: რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ ევროპისთვის წარმოადგენს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, არამედ წყნარ ოკეანეშიც და შეერთებულ შტატებს ეს უნდა ახსოვდეს.

მისი თქმით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულმა ქვეყნებმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხე უნდა განიხილონ.

„რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ ევროპისთვის წარმოადგენს. რუსეთი საკონტინენტთაშორისო ქვეყანაა, რადგან რუსეთის ნაწილი ევროპაშია, ხოლო მეორე ნაწილი აზიაში, შესაბამისად, მას საზღვრები აქვს ბალტიის ზღვაში, ასევე, წყნარ ოკეანეში“, - განაცხადა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ლატვიის მთავრობის ხელმძღვანელთან, ევიკა სილინესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ კონტექსტში მან დასძინა, რომ ყველას, ვინც წყნარი ოკეანის უსაფრთხოებაზე ღელავს, ასევე, უნდა აწუხებდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. კოსტას აზრით, შეერთებულმა შტატებმა ეს არასდროს უნდა დაივიწყოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ვაშინგტონთან თანამშრომლობის აუცილებლობას პარტნიორული ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით.