ანიტა ორბანი: უკრაინის სვლა ევროკავშირისკენ შეჩერდება, თუ ის უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს
ევროკავშირის მოლაპარაკებები უკრაინასთან შეჩერდება, თუ ის არ შეასრულებს უნგრეთთან შეთანხმებას ზაკარპატიაში უნგრეთის ეროვნული უმცირესობის უფლებების აღდგენის შესახებ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინასთან ინტენსიური, მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომელიც უნგრეთის უმცირესობის უფლებებს ითვალისწინებდა. მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან იყო დაკავშირებული.
დღეს, 15 ივნისს, ლუქსემბურგში, უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, პირველი კლასტერის - „საფუძვლების“ - გახსნა იგეგმება. ანიტა ორბანის თქმით, პირველი კლასტერის ფარგლებში უკრაინა-უნგრეთის შეთანხმება უნდა შესრულდეს.
„ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, სექციათა პირველ ჯგუფში [პირველ კლასტერში] გაწევრიანების პროცესი ავტომატურად შეჩერდება“, - განაცხადა ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწევრიანების არსებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, უნგრეთი შედეგებსა და რეფორმებზე დაფუძნებულ პროცესს დაუჭერს მხარს.