ანგელა მერკელი ფრიდრიხ მერცს მიგრაციის საკითხში, კვლავ, აკრიტიკებს

„ახალი კანცლერის პოლიტიკამ, შესაძლოა, ევროპა დაანგრიოს“, - აცხადებს გერმანიის ყოფილი ლიდერი და ფრიდრიხ მერცს, კვლავ, აკრიტიკებს.
„ევროკავშირში გადაადგილების თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნა“ ის ძირითადი საკითხია, რის გამოც გერმანიის ყოფილი ლიდერი ახალ ლიდერს სასაზღვრო პოლიტიკას უწუნებს.
„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვაზე, თუ ეს მუდმივი საკითხი გახდება. სხვა დანარჩენი, საბოლოოდ, ევროკავშირში გადაადგილების თავისუფლების დაკარგვად დაგვიჯდება“, - აღნიშნავს ანგელა მერკელი. ამ თემაზე ინფორმაციას POLITICO აქვეყნებს.
გერმანიაში, 23 თებერვლის ვადამდელი არჩევნების წინა პერიოდში, მერცმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მიგრაციის საკითხს „პირველივე დღეს“ გააკონტროლებდა.
ფიცის დადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შესახებ გამოაცხადა, რაც გერმანიაში შესვლაზე უარის თქმას გულისხმობდა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლებისთვისაც.
იურისტები და გერმანიის მემარცხენე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ახალი პოლიტიკა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს. ფაქტს, უკვე მეორედ, ანგელა მერკელიც გამოეხმაურა. „მე ევროპული გადაწყვეტილებების მომხრე ვარ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპის დანგრევა ვიხილო და მე ეს არ მინდა. იმედი მაქვს, რომ არც ახალ ფედერალურ მთავრობას სურს ეს“, - განაცხადა გერმანიის ყოფილმა ლიდერმა.
მანამდე მერცი მერკელმა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გააკრიტიკა, როდესაც გერმანიის მომავალმა ლიდერმა ანტიიმიგრაციული კანონპროექტის მისაღებად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების ხმებზე დაყრდნობა გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ მერციც და მერკელიც ორივე ცენტრისტული მემარჯვენე მმართველი პარტიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრები არიან, ყოფილი ლიდერი ახლანდელის საჯაროდ კრიტიკას, მაინც, არ ერიდება.
მერცი, თავის მხრივ, ხშირად აღნიშნავდა და მერკელს გადაწყვეტილებას უწუნებდა 2015 წელს ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის მიღების გამო.
მათი ურთიერთობა, უკვე, დიდი ხანია დაძაბულია. 2000-იანი წლების დასაწყისში, მერცმა პარტიის უკანა რიგებშიც კი გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ცენტრისტ მერკელთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა. შემდეგი ათი წელი მან კერძო სექტორში გაატარა და პოლიტიკაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მერკელმა 2018 წელს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერის თანამდებობა დატოვა.