ანგელა მერკელი: ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი
ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
ევროპარლამენტში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც „ევროპის ღირსების ორდენის“ პირველი ლაურეატების დაჯილდოებას მიეძღვნა, მერკელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაპირება საკუთარი მოქალაქეებისადმი კეთილდღეობის შესახებ საფრთხის ქვეშაა და ახალ ძალისხმევას მოითხოვს.
მერკელმა გაიხსენა 2 000 წელს ლისაბონში ევროკავშირის ლიდერების მიზანი, რომ ევროპას სურდა, ცოდნასა და მეცნიერებაზე ორიენტირებული კონტინენტი გამხდარიყო.
„2 000 წელს თუ დავუბრუნდებით, როდესაც ლისაბონში მთავრობის მეთაურებმა განაცხადეს, რომ ევროპა უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი, ჩვენ შორს ვართ ამ მიზნისგან და ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ამ დაპირებას მივუახლოვდეთ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური წარმატება კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო ევროპული მიზნების მისაღწევად, მათ შორის კლიმატის დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით.
მისი თქმით, მდგრადობა და ეკონომიკური წარმატება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, რათა ევროპის მოქალაქეებმა ევროკავშირში კვლავაც დაინახონ დამატებითი ღირებულების წყარო.
მშვიდობის საკითხზე საუბრისას მერკელმა აღნიშნა, რომ ევროპაში სტაბილურობა აღარ არის გარანტირებული. მან უკრაინაში მიმდინარე ომზე მიუთითა, როგორც იმის მტკიცებულებაზე, რომ უსაფრთხოების შესახებ არსებული მრავალწლიანი დაშვებები დაიმსხვრა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ცვალებადი საერთაშორისო დინამიკა, მათ შორის აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილებები, კიდევ უფრო ააშკარავებს ევროპის უსაფრთხოების გარემოს სიმყიფეს.
მერკელის თქმით, დემოკრატიული სისტემები ზეწოლის ქვეშ არიან, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმების გამო, სადაც დეზინფორმაცია, შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს და საზოგადოებრივი დებატები დამახინჯდეს.