Loading data...
ანდრიუს კუბილიუსი: როგორ ჩავანაცვლებთ ევროპაში განლაგებულ 100 000-კაციან ამერიკულ სამხედრო ძალას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ხერხემალს წარმოადგენს? ვინ ჩამოაყალიბებს ჩვენს სამხედრო ძალას?

„ზეწოლის ქვეშ მყოფი ევროპა მეტ ერთიანობას მოითხოვს და ერთიანობა ინსტიტუციურ ცვლილებებს მოჰყვება. ასეთ დროს არ უნდა გავექცეთ ჩვენი ინსტიტუციური თავდაცვის მზადყოფნის შესახებ ყველაზე აქტუალურ კითხვებს“, - განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა.

კუბილიუსი სვამს კითხვას, თუ 100 000-კაციანი ამერიკული სამხედრო ძალა ევროპას დატოვებს, მაშინ ვინ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი.

ის ევროკავშირის ქვეყნების ჯარებს „ბონსაის არმიებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გარეგნულად კარგად გამოიყურებიან, თუმცა, რეალურად 27-ვე ქვეყნის სამხედრო ძალები შეკვეცილი და შეზღუდულია.

„პირველი კითხვა, თუ ამერიკელები ევროპიდან გადავლენ, როგორ შევქმნით ნატოს ევროპულ საყრდენს? ვინ იქნება ევროპული უსაფრთხოების გარანტი? რა ბედი ეწევა ევროპულ სარდლობასა და მართვა-კონტროლის შესაძლებლობებს ან ევროპულ შტაბ-ბინებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩავანაცვლოთ ამ შემთხვევაში ევროპაში განლაგებული 100 000-კაციანი ამერიკული მუდმივი სამხედრო ძალა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მთავარ საყრდენს და მის სამხედრო ხერხემალს წარმოადგენს? ვინ ჩამოაყალიბებს ჩვენს ევროპულ მუდმივ, საყრდენ სამხედრო ძალას - გერმანელები? თუ 27 „ბონსაის არმიის“ ერთობლიობა? არმიები, რომლებიც გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურად შეკვეცილი, დაპატარავებული და შეზღუდულია.

ან როგორც ამას ჯერ კიდევ 10 წლის წინ სთავაზობდნენ ჟან-კლოდ იუნკერი, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი - ინიციატივას, რომელსაც ექსპერტები და ევროპელები დღესაც მხარს უჭერენ - ძლიერი, მუდმივმოქმედი ევროპული სამხედრო ძალის შექმნა 100 000 ჯარისკაცის შემადგენლობით“, - აღნიშნა კუბილიუსმა.