Loading data...
ანდრეი სიბიგას განცხადებით, ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლების შეხვედრის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სიბიგამ თავის ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. 

სიბიგას თქმით, აღნიშნული შეხვედრისგან კიევი კონკრეტულ შედეგებსა და პროგრესს ელის. 

„ვადასტურებ, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა ჯგუფების შეხვედრაა მოსალოდნელი. რა მოლოდინები გვაქვს? კონკრეტული შედეგები, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და უკრაინამ ეს არაერთხელ აჩვენა“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ. 

სიბიგამ განმარტა, რომ ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ახლა სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.

„დიახ, უკრაინული მხარე დაინტერესებულია უმაღლეს დონეზე კონტაქტებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს შორის შეხვედრით, რადგან არსებობს ყველაზე მგრძნობიარე საკითხები, რომელთა განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი“, - დასძინა ანდრეი სიბიგამ.