Loading data...
ანდრეი სიბიგა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში

კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს წმინდა ადგილზე, დარტყმით პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში. ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი. ის ამ ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

სიბიგას თქმით, კიევის წმინდა მონასტრები ქვეყნის ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამხდარა „ბარბაროსული თავდასხმების“ სამიზნე.

„ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადააჭარბეს ISIS-ს. მხოლოდ რუს ნაძირალებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ, განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა – იუნესკოს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი და შესაბამისი რეაგირება ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის წინააღმდეგ. ველოდებით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ქვეყნების დედაქალაქებისგან მკაცრ რეაქციას. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი, ან სუსტი ნაბიჯები. ახლა საჭიროა მოქმედება, რათა შეჩერდეს რუსული ბარბაროსობა“, – წერს სიბიგა.