ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ჟურნალისტებმა მოახერხეს გადაეღოთ, თუ როგორ შევიდა სამთავრობო კვარტალში ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტს ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, მთავრობის ძირითადი წარმომადგენლები ანდრეი ერმაკის გათავისუფლებას ურჩევენ.
უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. კორუფციული სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.