Loading data...
ანდრეი ბაბიში: ჩეხეთი უკრაინას იარაღის შესაძენად არცერთ კრონას არ მისცემს

ჩეხეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა, რომლის პარტიამაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე არა ჩეხეთი, არამედ ევროკავშირი უნდა იყოს პასუხისმგებელი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ თუ მისი პარტია ჩეხეთის პარლამენტში მმართველ კოალიციას შექმნის, ის მიაღწევს იმას, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეწყდება.

ბაბიშის თქმით, ჩეხეთს ისედაც შეაქვს 60 მილიარდი ევრო ევროკავშირის ბიუჯეტში, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს.

„ჩვენ უკრაინის არცერთ კრონას არ მივცემთ. ჩვენ ფული თავად ჩეხეთისთვის გვჭირდება. აქამდე უკრაინას პირდაპირ ვეხმარებოდით და ახლა მას ევროკავშირი დაეხმარება“ - განაცხადა ბაბიშმა.

ასევე ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთი შეწყვეტს უკრაინის ჯარისთვის ჭურვების და ამუნიციის შეძენას. მას ამ ინიციატივის წინააღმდეგი არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ საკითხით ნატოს სახელმწიფოები უნდა იყვნენ დაკავებულები.

ბაბიშმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჭურვების შეძენის პროცესი არასათანადოდ გამჭვირვალეა და ამაზე „კერძო კომპანიამ მილიარდობით დოლარი იშოვა“.

ანდრეი ბაბიში ნოემბრის დასაწყისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ მას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ბაბიშმა უკვე მიმართა ორ ულტრამემარჯვენე პარტიას და კოალიციის შექმნა შესთავაზა.