Loading data...
ანდერს ფოგ რასმუსენი: ტრამპის ქება-დიდების დრო დასრულდა

ყოფილი ნატოს გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქება-დიდება. 

რასმუსენის თქმით, ევროპამ ამერიკულ ტარიფებს მკაფიოდ უნდა უპასუხოს. 

რასმუსენი ევროკავშირს მოუწოდებს, მკაცრი ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს შეერთებულ შტატებს, იმ შემთხვევაში თუ აშშ ევროპულ ქვეყნებს ტარიფებს დაუწესებს. 

„ქედმაღლობის დრო დასრულდა. ეს არ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ ტრამპი მხოლოდ ძალაუფლებას სცემს პატივს“, - აცხადებს რასმუსენი. 

რასმუსენმა განაცხადა, რომ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნა შეერთებული შტატების შემადგენლობაში გრენლანდიის შეყვანაზე, ნატოს 1949 წელს შექმნის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

ტრამპის თქმით, ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული. 

ამასთან, ტრამპი დანიის მიერ გრენლანდიაში 58 სამხედროს გაგზავნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „კუნძულზე გადასროლილი „რამდენიმე“ ჯარისკაცი სამხედრო ძალას არ წარმოადგენს“.

ვაშინგტონთან გრენლანდიის საკითხზე არსებული დაძაბულობის ფონზე, დანიამ კუნძულზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა.