Loading data...
ანალენა ბერბოკმა სირიის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 12 იანვარს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, სადაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. ბერბოკმა სირიისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, იუწყება DW.

ბერბოკის თქმით, თანხები მოხმარდება საკვებს, დროებით თავშესაფრებს და სამედიცინო მომსახურებას. ისინი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით გამოიყოფა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამასკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას მხარი დაუჭირა, მაგრამ აღნიშნა, რომ სანქციები უნდა შენარჩუნდეს მათ წინააღმდეგ, ვინც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პირობებში მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

ბერბოკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების მოხსნისას უნდა გამოიყენონ „ჭკვიანი მიდგომა“, რათა „ხელი შეუწყონ სტაბილურობას და უზრუნველყონ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა“, ასევე, „საზოგადოების შერიგებისკენ ეტაპობრივი სვლა“.

„ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ, მაგრამ გვჭირდება მკაფიო და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სირიელი, განურჩევლად მათი რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობისა, იქნება ეს კაცი თუ ქალი“, - განაცხადა ბერბოკმა.

როგორც სააგენტო dpa იტყობინება, ერ-რიადში კონსულტაციებს ესწრებიან ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰაკან ფიდანი და დევიდ ლემი, ასევე, მათი კოლეგები საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, იორდანიიდან, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბაჰრეინიდან და ქუვეითიდან. ასევე, კონფერენციაზე იმყოფება სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰასან ალ-შიბანი.