„ამის წარმოდგენაც კი არ შემიძლია“ - დონალდ ტრამპი უარყოფს ცნობებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ჰამასის“ თავდასხმამდე მიღებული გაფრთხილებები უგულებელყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმამდე არ გაითვალისწინა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის გაფრთხილებები. ტრამპის თქმით, მისთვის „წარმოუდგენელია“, რომ ეს სიმართლე იყოს.
ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს იმ გაფრთხილებების შესახებ, რომლებიც ნეთანიაჰუმ, სავარაუდოდ, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებამდე მიიღო, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.
„ამის წარმოდგენაც კი არ შემიძლია. არ მგონია. იცით, ვფიქრობ, მას რომ სცოდნოდა, ამის შესახებ რამეს მოიმოქმედებდა. რა თქმა უნდა, სულ მცირე, ხალხს მაინც გააფრთხილებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა პრემიერ-მინისტრი დაიცვა, ის კვლავ უარს ამბობს მის მხარდაჭერაზე 27 ოქტომბრის არჩევნების წინ.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პოლიტიკაში აღარ ვარ ჩართული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა იმ შეკითხვის საპასუხოდ, უნდა მისცეს, თუ არა ისრაელმა ნეთანიაჰუს კიდევ ერთი ვადა.
„მათთვის ბევრი რამ გავაკეთე. ბევრი რამ. მართლაც ძალიან ბევრი გავაკეთე“, - დასძინა ტრამპმა ისრაელთან თავისი ადმინისტრაციის მჭიდრო კავშირებზე საუბრისას.