Loading data...
ამერიკელთა უმრავლესობა ტრამპის მიერ დეპორტაციის გაძლიერებას ეწინააღმდეგება - CNN

SSRS-ის და CNN-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელ მცდელობას, გააფართოოს დეპორტაციის პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად CNN გვაწვდის. 

როგორც მედია იუწყება, ამერიკელთა 55% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი „ძალიან შორს წავიდა აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები პირების დეპორტაციის საკითხში“. 57% კი აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება ახალი საპატიმროების მშენებლობის გეგმას, სადაც 100 000-მდე არალეგალის მოთავსებას შეძლებენ. 

53%-ის თქმით, არ მოსწონს იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით გაზრდა. ცნობისთვის, ორივე დეპარტამენტი თეთრი სახლის პრიორიტეტულ ჩამონათვალშია და ასახულია დონალდ ტრამპის მიერ ახლახან ხელმოწერილ ფართომასშტაბიან კანონპროექტში. 

ამერიკის 10-დან 6 მცხოვრები ეწინააღმდეგება დაბადების უფლების მქონე პირებისთის მოქალაქეობის გაუქმების მცდელობას. 

საერთო ჯამში, ნახევარზე ნაკლები, 46% პროცენტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახადა. გამოკითხული ამერიკელების 59% კი არალეგალი პირების დაპატიმრების წინააღმდეგია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხებათ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში წლების განმავლობაში, ნასამართლობის გარეშე ცხოვრობდნენ.