Loading data...
ამერიკელი კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და მექსიკური ბანკისაგან ქრთამის მიღებაში, - წერს BBC.

მედიის ცნობით, კონგრესმენი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ჰენრი კუელარსა და მისი მეუღლეს ჰიუსტონის სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

წყვილს ბრალი სხვადასხვა მუხლებით წაუყენეს. მათ შორის არის შეთქმულება, ქრთამის მიღება, თაღლითობა, ფულის გათეთრება და უცხოური ორგანიზაციის აგენტებად მოქმედების შესახებ აკრძალვის უგულებელყოფა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2014-2021 წლების პერიოდს. გამოძიების მიხედვით, ფულის სანაცვლოდ ამერიკელი კონგრესმენი დათანხმდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ასევე წინ წაეწია გადაწყვეტილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანდა მექსიკურ ბანკს.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიღებული თანხით კონგრესმენმა რამდენიმე კრედიტი დაფარა და ოჯახისთვის სხვადასხვა ძვირად ღირებული ნივთი შეიძინა.