ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლე 2024 წლის თებერვალში კოლონიაში მოწამლეს

საპატიმროში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი 2024 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების კოლონიაში მოწამლეს.
ნავალნაიას თქმით, დასკვნა ორმა დასავლურმა ლაბორატორიამ გამოიტანა, რომლებმაც ბიოლოგიური ნიმუშები შეისწავლეს.
ნავალნაიამ მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა თავად გამოაქვეყნონ შედეგები.
„2024 წლის თებერვალში ჩვენ მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალების მოპოვება, ტრანსპორტირება და დასავლურ ლაბორატორიებისთვის მიწოდება. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ შედეგები მიღებული იყო და ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლეს. რუსეთის მოქალაქე მოკლეს. მოკლეს რუსეთის ტერიტორიაზე. მტკიცებულებების მთელი ბაზა იქვეა. დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან წარმოების სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებს იულია ნავალნაია.
ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიასუნდობლობას უცხადებენსაერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს „ექსტრემიზმის“ საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.
ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.