ალექსანდრე სირსკი: რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს. ამის შესახებ ალექსანდრე სირსკიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერა. მისი თქმით, ზოგიერთ მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ძალისხმევაა კონცენტრირებული, ეს უპირატესობა შესაძლოა ოთხმაგი ან ექვსმაგიც კი იყოს.
„ჩვენი მეტოქე იყენებს „მცოცავი“ გადაადგილების ტაქტიკას ქვეითთა მცირე ჯგუფებით, ისინი ცდილობენ შეღწევას დასახლებულ პუნქტებში, პოზიციებს შორის არსებულ სივრცეს იყენებენ და თავს არიდებენ საბრძოლო შეტაკებებს“, – წერს სირსკი.
მისივე თქმით, 2025 წლის აგვისტო უკრაინისთვის დიდი გამოცდის თვე იყო, თუმცა საბოლოოდ, არაერთი პოზიტიური შედეგიც იქნა მიღწეული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური უკრაინელთა წარმატებად აფასებს იმას, რომ არ იყო დაშვებული პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციაში უკრაინული ძალების პოზიციების გარღვევა და ალყაში მოქცევა. ასევე, მისივე თქმით, აღკვეთილი იყო ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით რუსეთის ძალების შეტევა.
„რუსები იძულებული გახდნენ, შეტევა გადაეტანათ ზაპოროჟიეზე და საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები გადაეყვანათ დონეცკის ოლქში“, – განაცხადა სირსკიმ.
მისივე მტკიცებით, აგვისტოში რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები მოცულობის ტერიტორიების დაკავება შეძლო.
მისი თქმით, დობროპოლსკის მიმართულებით რუსეთმა დაიკავა 13,5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, მაგრამ დაკარგა 25,5 კვადრატუული კილომეტრი. პორკოვსკის მიმართულებით დაიკავეს ხუთი კვადრატული კილომეტრი, მაგრამ დაკარგეს 26 კვადრატული კილომეტრი.