Loading data...
ალექსანდრ ვუჩიჩი: მჯერა, ევროპა აღიარებს იმას, რასაც უწოდებენ - დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს!

„მე სერბეთის მოსახლეობას ვემსახურები, არ ვუსმენ და არ ვემსახურები ვინმე სხვას!“ - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და დასძინა, რომ თავის მხრივ, სერბეთის პოლიტიკური ვალდებულებაა, მისდიოს ევროპულ გზას და დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მაისის დასაწყისში, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა სერბეთის ლიდერი გააფრთხილეს, რომ არ დასწრებოდა 9 მაისს, მოსკოვში გამართულ აღლუმს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად იმართებოდა. მიუხედავად ამისა, ვუჩიჩმა მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიწვევაზე უარი არ უთხრა. 

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან კარგად იცის, 9 მაისს მისი ვიზიტის გამო, ატმოსფერო მის გარშემო კარგი არ არის, მაგრამ სჯერა, რომ ევროკავშირი სერბეთის პროგრესს აღიარებს.

„მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტის გამო, ატმოსფერო არც ისე კარგია. ამის მიუხედავად, ჩვენ მივიწევთ წინ, ვალდებულებების შესრულებისკენ და მე მჯერა, ევროპა აღიარებს იმას, რასაც უწოდებენ – დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს“, – თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას კრიტიკას კი, ასე უპასუხა: „თქვენ თქვით, „ვუჩიჩი ჩვენ არ გვისმენს!“, თუმცა ჩვენ არავის ვუსმენთ. მე სერბეთის პრეზიდენტი ვარ! მე სერბეთის მოსახლეობას ვემსახურები, მე არ ვუსმენ და არ ვემსახურები ვინმე სხვას“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.