ალექსანდრ ვუჩიჩი: დასავლელი პოლიტიკოსები სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“, შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე?
დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“ და შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, იგივე უნდა უთხრან უკრაინელებს ყირიმის საკითხზე, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პოდკასტში The Rest Is Politics განაცხადა.
„თქვენ გვეუბნებით: არ გაიხედოთ წარსულისკენ, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე – რატომ იხედებით წარსულისკენ, 2014 წელს დაკარგეთ ყირიმი, რატომ მიიჩნევთ მას კვლავ თქვენს ტერიტორიად? ამას თქვენ არასდროს გააკეთებთ. მსგავსი არაფერი მომისმენია დასავლეთის მრავალი ოფიციალური პირისგან“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ ქვეყანას უბიძგა ანალოგიური ქმედებებისკენ.
„მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მოქმედებები სუვერენული ერების წინააღმდეგ და საზღვრების შეცვლა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა სერბეთის შემთხვევაში. სწორედ ამ დროს გაიხსნა პანდორას ყუთი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ დასავლური მედია და საჯარო სივრცე აყალიბებს დამახინჯებულ აღქმას მსოფლიოში რუსეთისა და დასავლეთის როლის შესახებ. მისივე თქმით, სერბეთი საკუთარ თავს არ მიიჩნევს „რუსეთის მარიონეტად“ და არც საკუთარ ქვეყანას განიხილავს, როგორც „ბოროტების შუქურად“.