ალბერტაში, კანადის სამხედრო ბაზაზე მომხდარი „სერიოზული ინციდენტისა“ და ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები
კანადის თავდაცვის მინისტრის დეივიდ მაკგუინტის განცხადებით, ალბერტაში კანადის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამხედრო ბაზაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ კანადის შეიარაღებული ძალების ბაზა „უეინრაიტზე“ მომხდარი ინციდენტის შედეგად არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები“, — განუცხადა მაკგუინტიმ ოტავაში ჟურნალისტებს.
მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა, არც ის, თუ რა გახდა ბაზაზე „ტრაგიკული“ ინციდენტის მიზეზი.
„არ მახსენდება, ბოლო დროს მსგავსი რამ მომხდარიყოს“, - დასძინა მან.
მაკგუინტიმ განაცხადა, რომ კანადის შეიარაღებული ძალები და კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია მომხდარს იძიებენ.
პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობა „მჭიდროდ თანამშრომლობს ალბერტას მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან“.
აღწერის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, CFB Wainwright-ის ბაზაზე 1 310 სამხედრო და სამოქალაქო პირი იყო დისლოცირებული. ქალაქი უეინრაიტი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 6 600 ადამიანს შეადგენს, ბაზის უშუალოდ ჩრდილოეთით მდებარეობს.
მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხანძარი ბაზის ღობეს გასცდა და მიმდებარე უბანში გავრცელდა, თუმცა ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა.