Loading data...
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრიანებას და არა მთავრობას

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ უარყო ქუჩის მზარდი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოწოდებები მისი გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები საფრთხეს უქმნის არა მის მთავრობას, არამედ ალბანეთის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გასული კვირის განმავლობაში მთავრობაში სავარაუდო კორუფციით, სამუშაო ადგილების სიმცირითა და განათლების დაბალი ხარისხით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ სტუდენტური დემონსტრაციები გამოიწვია. პროტესტმა ტირანის ცენტრი მოიცვა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

დემონსტრანტებმა რამას გადადგომის მოთხოვნით ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებსა და ბანკებს, ასევე, ამოიღეს ქვაფენილის ქვები პოლიციისთვის სასროლად. პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„მე არ ვდგავარ გამოწვევის წინაშე, მთავრობა არ დგას გამოწვევის წინაშე, არც სამთავრობო უმრავლესობა, ან არჩევნებში გამარჯვებული პარტია დგას გამოწვევის წინაშე — არამედ გამოწვევის წინაშე დგას გზა, გამოწვევის წინაშე დგას მისია“, — განაცხადა რამამ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

„ალბანელები ძალიან მკაფიოდ უნდა დაფიქრდნენ: სურთ მათ ეს, სურთ ის, თუ სურთ ევროკავშირი?“, - აღნიშნა მან. 

რამამ საპროტესტო აქციებსა და ამ კვირაში მის ოფისზე დრონით თავდასხმის მცდელობაში გაურკვეველი უცხოური ინტერესები დაადანაშაულა.

„ღმერთმა იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას. არ არსებობენ ახალგაზრდები, სტუდენტები, თუ არასრულწლოვნები, რომლებიც ამ გეგმის განხორციელებაზე საერთოდ იფიქრებდნენ. ეს გარე ძალის ხელია“, — განაცხადა მან.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრაციების დროს 388 ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულში წაუყენეს ბრალი. დაშავდა პოლიციის მრავალი თანამშრომელი და დემონსტრანტი.