ალბანეთი TikTok-ს დროებით დაბლოკავს
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაბლოკავს წვდომას TikTok პლატფორმაზე ერთი წლით ალბანეთის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მოსწავლის გარდაცვალებას მოჰყვა.
მედიის ცნობით, საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ინციდენტს წინ უძღოდა ორ ბიჭს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე „ტიკტოკზე“ გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას.
„ერთი წლის განმავლობაში მას ყველასთვის სრულად გავთიშავთ. „ტიკტოკი“ ალბანეთში აღარ იქნება“, - განაცხადა ალბანეთის პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, TikTok ალბანეთში 2025 წლის დასაწყისიდან დაიბლოკება.
ედი რამა სოციალურ მედიას და განსაკუთრებით, „ტიკტოკს“ ახალგაზრდებში ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ უკვე დააწესეს შეზღუდვები ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე.