„ახლო აღმოსავლეთში შიმშილის პრობლემა გაღრმავდება“ - გაერო 16 ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს
გაეროს სურსათის სააგენტოების გაფრთხილებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 16 ქვეყანაში შიმშილის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. მათ შორის, ხუთი ქვეყანა სუდანი, იემენი, სამხრეთ სუდანი, სომალი და ნიგერიის ჩრდილოეთი ნაწილი განსაკუთრებით მძიმე რისკის წინაშეა.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამა მთავარ მიზეზებად - შეიარაღებულ კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებულ საწვავის ფასების ზრდასა და ჰუმანიტარული დახმარების მკვეთრ შემცირებას ასახელებენ. ანგარიში 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ხუთივე ქვეყანა 2022 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მოხვდა ყველაზე მაღალი შეშფოთების კატეგორიაში.
2025 წლის ოქტომბერში ღაზაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, დასავლეთ სანაპირო და ღაზა საფრთხის ერთი კატეგორიით დაბლა გადაიყვანეს. თუმცა, ღაზას მოსახლეობის 67 პროცენტი კვლავ შიმშილის კრიზისულ ან უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ანგარიშის მიხედვით, მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ იემენში შიმშილი, სავარაუდოდ, გაუარესდება. ივლისში განახლებული ბრძოლები საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება.
„ჰუსიტების“ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შიმშილის მდგომარეობის ახალი შეფასება არ არსებობს, რადგან კონფლიქტის გამწვავების ფონზე ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის ამ რეგიონებში წვდომა სულ უფრო რთული ხდება. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ბოლო პროგნოზის თანახმად, რომელიც თებერვლამდე პერიოდს მოიცავდა, იემენში 18,3 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შიმშილის კრიზისულ ან უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ჰუსიტები“ კვლავ აკავებენ გაეროს 73 თანამშრომელს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის რვა თანამშრომელს.
იემენი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სურსათისა და საწვავის იმპორტზე. ანგარიშის თანახმად, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომარაგებას საფრთხეს უქმნის. ამჟამად შეფერხებულია საზღვაო გადაზიდვები ჰორმუზის სრუტეში, წითელ და შავ ზღვებში. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან სასუქების მიწოდებაც ძირითადად შეჩერებულია.