ახლა ომის დასრულების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის - ზელენსკიმ ახალი შეხვედრები დააანონსა
ახლა ომის დასრულების „მნიშვნელოვანი შანსი“ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრების სერია დააანონსა.
კერძოდ, მისი თქმით, მოლაპარაკებებს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დაესწრებიან. თავად ზელენსკი ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან, ევროპელებთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც ომის დასრულების პირობებს განიხილავენ.
„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის, რათა უზრუნველვყოთ გარანტია, რომ რუსეთი არ დაბრუნდება უკრაინაში და არ შემოიჭრება მესამედ. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება - ეხმარება უკრაინას და ამ დღეებში ბერლინში მაქსიმალურად აქტიურად და კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია შეთანხმების განხორციელება“, - აცხადებს ზელენსკი.