აიათოლა ალი ხამენეი: აშშ ვერასდროს შეძლებს ისლამური რესპუბლიკის დამხობას
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, შეერთებული შტატები ვერასდროს შეძლებს ისლამური რესპუბლიკის დამხობას.
როგორც ირანის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალებსაც კი შეიძლება დამანგრეველი დარტყმა მიაყენონ.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ამერიკამ ვერ შეძლო ისლამური რესპუბლიკის დამხობა, 47 წლის განმავლობაში ამერიკამ ვერ შეძლო ისლამური რესპუბლიკის განადგურება. ეს კარგი აღიარებაა. მე ვამბობ: თქვენც ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას“, - განაცხადა აითოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ამერიკული არმია მსოფლიოში ყველაზე ძლიერია“.
„მსოფლიოში უძლიერეს არმიასაც კი შეიძლება ზოგჯერ ისეთი დარტყმა მიაყენონ, ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლოს. ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანის მიმართულებით ავიამზიდი გამოგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია“, - აღნიშნა ხამენეიმ.