აჰმედ შარაა: ისრაელთან მშვიდობა შესაძლებელია, თუ ის მიდგომას შეცვლის
გაეროში სიტყვით გამოსვლისას სირიის პრეზიდენტმა აჰმედ შარაამ განაცხადა, რომ ისრაელსა და სირიას შორის მშვიდობა შესაძლებელია, თუ ისრაელი საკუთარ მიდგომას შეცვლის.
„მშვიდობისა და უსაფრთხოების შესაძლებლობა არსებობს მათთვის, ვისაც მშვიდობიანად ცხოვრება სურს - სამართლიანი მშვიდობის პირობებში, რომელიც ყველას უფლებებს დაიცავს“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც მსოფლიო სირიას საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს, „ისრაელი სირიის წინააღმდეგ თავდასხმებს იწყებს“.
შარაას განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული ასობით საჰაერო დარტყმა, დაკავებები და სამხედრო შეჭრები „ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომელსაც გლობალურ დონეზე ვხედავთ“ და „იმ ეპოქას მოგვაგონებს, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ დასრულდა“.
შარაამ ისრაელის ძალების გაყვანა მოითხოვა იმ ბუფერული ზონიდან, რომელშიც ისრაელის სამხედროები 2024 წლის ბოლოს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, შევიდნენ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ სირია გოლანის მაღლობებზე პრეტენზიას არასდროს დათმობს. ისრაელმა გოლანის მაღლობები 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა, ხოლო 1981 წელს მათი ანექსია გამოაცხადა.
„ნებისმიერი მცდელობა, რომელიც არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართალს, შეჩერდება. გოლანი სირიის ტერიტორიად დარჩება“, - განაცხადა შარაამ.