Loading data...
„აღმაშფოთებელი“ - ბაიდენი ჰააგის სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერის შესახებ „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვმარტო: რაზეც არ უნდა მიანიშნებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არანაირი თანასწორობა არ არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბაიდენმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის დადგება ისრაელის გვერდით.

ინფორმაციისთვის, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.

ევროკავშირის დიპლომატიის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემა  ევროკავშირის ქვეყნებისთვის „სავალდებულოა“ .