„აეროფლოტის“ ათობით რეისი პროგრამული ხარვეზის გამო გაუქმდა

რუსულმა ავიაკომპანიამ „აეროფლოტმა“ 28 ივლისს 40-ზე მეტი ავიარეისი გააუქმა. ამის მიზეზად საინფორმაციო სისტემების მუშაობაში ხარვეზი დასახელდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აეროფლოტის“ სისტემებზე ჰაკერული შეტევა მოხდა და მასზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებებმა Silent Crow-მა და «კიბერპარტიზანებმა» აიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
შერემეტიევოს აეროპორტში მგზავრთა საცობები შეიქმნა, იქ გაუქმებული რეისების ასობით მგზავრი გაიჭედა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრებს სთხოვეს, რომ გაუქმებული რეისების მგზავრებმა „შერემეტიევო“ დატოვონ.
გაუქმებულია ავიარეისები ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკში, სტავროპოლში, მინერალნი ვოდიში, სანკტ- პეტერბურგში, ასევე მინსკსა და ერევანში.
ჰაკერული დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც „აეროფლოტზე“ შეტევა მოაწყვეს, განაცხადეს, რომ ოპერაცია თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა. მათ კორპორატიულ ქსელში შეაღწიეს, მოიპოვეს წვდომა ფრენების ისტორიასა და კომპანიის პერსონალზე, ასევე, მიიღეს ინფორმაცია კომპანიის შიგნით სატელეფონო საუბრებზე. ჰაკერებმა ავიაკომპანიის ათასობით სერვერი გაანადგურეს, ყველა კორპორატიული კრიტიკული სისტემის კომპრომეტირება მოახდინეს და კომპანიის ხელმძღვანელობის პერსონალურ კომპიუტერებზე კონტროლი მოიპოვეს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ევროპულ ნაწილში უკრაინული დრონების შეტევის გამო 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. შეზღუდვები მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის აეროპორტებში იყო შემოღებული.