Loading data...
ადამიანის ტვინის სიყმაწვილის პერიოდი 30 წლამდე გრძელდება - კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტების ახალი დასკვნა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე მკაფიოდ განსაზღვრულ ფაზას გადის, ხოლო ძირითადი გარდამტეხი მოვლეწები 9, 32, 66 და 83 წლის ასაკში ხდება. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ტვინის მდგომარეობის ცოდნა თითოეულ ამ ეტაპზე დაეხმარება მათ ფსიქიკური აშლილობებისა და დემენციის მიზეზების უკეთ შესწავლაში. სტატიას BBC ავრცელებს. 

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, მაქსიმალური ასაკი 90 წელს შეადგენდა. მეცნიერებმა მათი ტვინის სკანირება ჩაატარეს, რათა დაედგინათ, თუ როგორ მუშაობს ნეირონული კავშირები ტვინის უჯრედებს შორის.

კემბრიჯის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტვინი სიყმაწვილის ფაზაში 30 წლამდე რჩება — სწორედ ეს ასაკი ადამიანის ორგანიზმის განვითარების მწვერვალად ითვლება.

მეცნიერთა აზრით, ახალი კვლევის შედეგები დაეხმარება მათ იმის დადგენაში, თუ რატომ იცვლება ფსიქიკური აშლილობებისა და დემენციის რისკები სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში.

კვლევის ჯგუფის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში.

ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენასთან ერთად ტვინი მუდმივად იცვლება. კვლევა აჩვენებს, რომ ეს პროცესი დაბადებიდან გარდაცვალებამდე თანაბარი, უწყვეტი პროცესი არ არის.

არსებობს ტვინის მუშაობის სამი ეტაპი:

  • ბავშვობა — დაბადებიდან 9 წლამდე;
  • სიყმაწვილის პერიოდი — 9 წლიდან 32 წლამდე;
  • ზრდასრული პერიოდი — 32 წლიდან 66 წლამდე;
  • ადრეული სიბერე — 66 წლიდან 83 წლამდე;
  • გვიანი სიბერე — 83 წლიდან და შემდეგ.

„ტვინის გადაწყობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება. მასში ზოგიერთი ნეირონული კავშირი ძლიერდება და, ზოგიერთი, პირიქით, სუსტდება. ეს მუდმივი, თანაბარი პროცესი არ არის — არსებობს ცვალებადობა და ტვინის გადაწყობის ფაზები,“ — უთხრა BBC-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ალექსა მოუზლიმ.

სხვადასხვა ადამიანის ტვინში ეს ეტაპები უფრო ადრე ან უფრო გვიან დგება, თუმცა, საერთო ჯამში, სწორედ ასეთი ასაკობრივი ზღვარი გვხვდება ყველაზე ხშირად კვლევის მონაწილეთა ტვინის სკანირებისას.

ბავშვობა. ამ ეტაპზე ტვინი ზომაში სწრაფად იზრდება, მაგრამ ტვინი ნაკლებად ეფექტიანად მუშაობს. ის ჰგავს ბავშვს, რომელიც პარკში კონკრეტული მიზნის გარეშე დაბოდიალობს და მიდის იქ, სადაც სურს, იმის ნაცვლად, რომ იმოძრაოს წერტილი A-დან წერტილ B-მდე.

სიყმაწვილის (იუვენალური) პერიოდი. ყველაზე მკვეთრ ცვლილებას ტვინი დაახლოებით ცხრა წლის ასკაში განიცდის, როცა ტვინის კავშირები მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად გადაწყობას იწყებს. „ეს ტვინის განვითარებაში ყველაზე სერიოზული გარდამტეხი პერიოდია,“ — ამბობს დოქტორი მოუზლი. მეცნიერი ამ ფაზას ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს უწოდებს.

სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ფსიქიკური აშლილობების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი.

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ეს პერიოდი ბევრად უფრო გვიან მთავრდება, ვიდრე მეცნიერებს ადრე ეგონათ.

აქამდე არსებობდა მოსაზრება, რომ სიყმაწვილე მხოლოდ თინეიჯერობის ასაკით შემოიფარგლებოდა; მოგვიანებით ნეირობიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის 20 წლის შემდეგაც გრძელდება, ხოლო ახალი კვლევა აჩვენებს, რომ — 30+ ასაკსაც აღწევს.

დოქტორი მოუზლის თქმით, ტვინის მუშაობის მაჩვენებლები პიკს აღწევს 30 წლის ასაკში. ექსპერტი „უაღრესად საინტერესოდ“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ტვინი ერთსა და იმავე განვითარების ფაზაში ასეთ ხანგრძლივ პერიოდში რჩება.

ზრდასრული ასაკი. შემდეგ იწყება ტვინის სტაბილურობის პერიოდი — ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც დაახლოებით სამი ათწლეული გრძელდება.

ამ დროს ტვინში ცვლილებები გაცილებით ნელა მიმდინარეობს წინა წლების პროცესებთან შედარებით. სწორედ აქ იწყებს ტვინის განვითარების პროცესი „უკუგანვითარებას“.

მეცნიერთა თქმით, ამ პერიოდში ადამიანი „ინტელექტისა და პიროვნების პლატოს“ აღწევს.

ადრეული სიბერე. ეს ეტაპი დაახლოებით 66 წლიდან იწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს ტვინის ეფექტიანობის მკვეთრ და უეცარ გაუარესებას. ტვინში კავშირების სქემები იცვლება.

ერთიანი, კოორდინირებული ორგანოს მსგავსად მუშაობის ნაცვლად, ტვინი უფრო მეტად იყოფა ცალკეულ უბნებად, რომლებიც ერთმანეთს კვლავ მჭიდროდ უკავშირდებიან — როგორც ერთი მუსიკალური ბენდის წევრები, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი სოლო-პროექტები წამოიწყონ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯანმრთელ ტვინზე იყო ჩატარებული, სწორედ ამ ასაკში ყველაზე ხშირად ფიქსირდება დემენცია და მაღალი წნევა, რაც ტვინის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

გვიანი სიბერე. შემდეგ, დაახლოებით 83 წლის ასაკში, ადამიანის ტვინი შედის განვითარების საბოლოო ფაზაში. ამ ასაკობრივი ჯგუფიდან მონაცემები შედარებით ნაკლებია, რადგან კვლევების დროს საკმარისი რაოდენობით ჯანმრთელი ტვინის მქონე ადამიანების პოვნა სკანირებისთვის რთული იყო. ამ ეტაპზე ტვინის ცვლილებები ჰგავს ადრეული სიბერის ნიშნებს, თუმცა უფრო მკაფიოდ არის გამოხატული.

ექსპერტები კვლევას ძალზე მნიშვნელოვანს უწოდებენ, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ წარმოდგენა გვქონდეს, თუ რა რთულ ეტაპებს და ცვლილებას განიცდის ჩვენი ტვინი მთელი ცხოვრების განმავლობაში.