Loading data...
აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება იწყება

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში სამმხრივი, აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება იწყება. ვაშინგტონს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. უკრაინის დელეგაციას უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსეთის უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსი კირილ ბუდანოვი, ხოლო რუსეთის დელეგაციას - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობენ. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

მოლაპარაკების მთავარი თემაა - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმები უნდა განიხილონ. ასევე უკრაინის წარმომადგენლები ცალკე კონსულტაციებს გამართავენ ევროპელ პარტნიორებთან და ნატოსთან.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, გარანტიების საბოლოო გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. მისი თქმით, გეგმის შესასრულებლად რუსეთის თანხმობაა საჭირო. ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიების საკითხს საკვანძოდ აფასებს, რომლის გარეშე უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.

მეორე საკითხია დონბასი. მოსკოვი მთელ დონეცკის ოლქს ითხოვს, კიევის წინადადებაა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება დღეს არსებულ ფრონტის ხაზზე. არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ დახურული კონტაქტების დროს მხარეებმა გარკვეული კომპრომისის მზადყოფნა გამოთქვეს.

ასევე მხარეებმა ტყვეთა გაცვლის და ჰუმანიტარული საკითხებიც უნდა განიხილონ.