ABC News: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტები წარუდგინეს
აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის რანგში ახლო აღმოსავლეთში ძალებს ხელმძღვანელობს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ვარიანტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ ABC News-ს ტრამპთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს.
წყაროების ცნობით, კუპერის გარდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი დენ კეინი.
წყაროების ცნობით, ტრამპის ვარიანტებს შორისაა ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებსა და ბირთვულ ობიექტებზე შეზღუდული დარტყმა, როგორც გაფრთხილება, რათა თეირანი ტრამპის მოთხოვნებს დათანხმდეს.
ასევე განიხილება ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით სამიზნეებზე დარტყმებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აღნიშნეს წყაროებმა.
გარდა ამისა, მათი თქმით, ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელმა და ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პირად საუბრებში ისრაელს მოუწოდა, შეერთებული შტატების მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების ნაცვლად, ირანზე დარტყმის ინიციატივა თავად გამოეჩინა.
მათ აღნიშნეს, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ისრაელის ხელმძღვანელობით ირანში არსებულ სამიზნეებზე პირველი დარტყმა არ იქნება მხოლოდ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში იძულების ფორმა. თუ ტრამპი რეჟიმის დამხობის მიზნით გაცილებით ხანგრძლივ სამხედრო კამპანიას გადაწყვეტს, ამ დარტყმებმა შესაძლოა, ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილის გამორთვა გამოიწვიოს.