Loading data...
ABC News: ირანში კონფლიქტის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდი დოლარი დაუჯდა

პენტაგონის წარმომადგენლებმა, დახურულ კარს მიღმა გამართულ ბრიფინგზე სენატორთა ჯგუფს განუცხადეს, რომ აშშ-ს ირანთან ომის პირველი ექვსი დღე, მინიმუმ 11.3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

წყარომ დაადასტურა, რომ თავდაცვის ასიგნებების ქვეკომიტეტის სენატორებს ბრიფინგი ჰქონდათ. ქვეკომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა, კრის კუნსმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჯარო ანგარიშებში მის მიერ ნანახი 11.3 მილიარდი დოლარი „დაახლოებით ზუსტი“ რიცხვი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დღიური ღირებულება არ არის სტაბილური მოცემულობა, იმის ვარაუდი, რომ ის დღეში მილიარდ ნახევარზე გაცილებით მეტია, ალბათ, გონივრული შეფასება იქნებოდა“, - განაცხადა კუნსმა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონგრესის წევრებს, ასევე, განუცხადეს, რომ აშშ-ის სამხედროებმა ირანზე დარტყმების პირველი ორი დღის განმავლობაში 5.6 მილიარდი დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალა დახარჯეს.

კონგრესის შვიდმა თანაშემწემ განაცხადა, რომ თეთრი სახლი მალე კონგრესს ომისთვის დამატებითი დაფინანსების, პოტენციურად 50 მილიარდი დოლარის ან მეტის, თხოვნით მიმართავს.

კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია ირანისთვის დამატებითი დაფინანსება და თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა. 

ამასთან, ჯერჯერობით ადმინისტრაციას არ გაუკეთებია საჯარო შეფასება იმის შესახებ, თუ რა დაუჯდება შეერთებულ შტატებს ოპერაცია ან რამდენ ხანს გაგრძელდება ის.