აბას არაღჩი: აშშ-ირანის მემორანდუმი მოიცავს ბირთვულ პროგრამას, სანქციებსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოსამზადებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის - ირანის ბირთვულ პროგრამას, სანქციების შემსუბუქებასა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხს.
„შეთანხმება, რომელზეც მხარეებს ჯერ კიდევ არ მოუწერიათ ხელი, ასევე, მოიცავს ლიბანში არსებული კონფლიქტისა და ყველა სხვა ფრონტის მოგვარების მექანიზმებს“, - აღნიშნა ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას არაღჩიმ.
მისი თქმით, მემორანდუმი შეეხება ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის სხვა წყაროებსაც, მათ შორის აშშ-ის წერილობით განცხადებას, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ამერიკა „პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტს“.
„მუქარები უნდა შეწყდეს და ირანელ ხალხს პატივისცემით უნდა მოეპყრონ“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
ამასთან, არაღჩიმ გააფრთხილა, რომ ირანი მზად არის სამხედრო გზასაც დაუბრუნდეს, თუ აშშ სხვა არჩევანს გააკეთებს.
„თუ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები არ შესრულდება, საბოლოო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება“, - დასძინა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.