87 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მსახიობი ბოლოს პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ნემურში ცხოვრობდა. ის შვილების გარემოცვაში გარდაიცვალა.
კლაუდია კარდინალე, 150-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. მას, ძირითადად, ლეგენდარული რეჟისორები, ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტი იღებდნენ.
იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ კარდინალეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მსახიობი უწოდა.
კლაუდია კარდინალე 1938 წლის 15 აპრილს, ტუნისის ქალაქ ლა-გულეტეში დაიბადა. 17 წლის ასაკში მან სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ტუნისის ყველაზე ლამაზ იტალიელ ქალად დაასახელეს. ამის შემდეგ კლაუდია კარდინალე ვენეციის კინოფესტივალზე გაემგზავრა და იქ რეჟისორების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
1960-იან წლებში ვისკონტიმ გადაიღო კარდინალე ფილმში „როკო და მისი ძმები“ და „ლეოპარდი“. კინოს ისტორიაში ის შევიდა, პირველ რიგში, სერჯო ლეონეს ფილმით „ერთხელ ველურ დასავლეთში“.
კლაუდია კარდინალემ ვენეციაში 1993 წელს „ოქროს ლომის“ და ბერლინში 2002 წელს „ოქროს დათვის“ პრიზები მიიღო.