37 წლის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
ძიუდოში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 37 წლის ტედი რინერმა საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
ინფორმაცია სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვითა და ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში დაადასტურა.
რინერის განცხადებით, საფრანგეთი ღრმა სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირების წინაშე დგას, მოქალაქეებს კი მომავლის რწმენა და უკეთესი ცხოვრების იმედი ეკარგებათ.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
„საფრანგეთი დიდი ქვეყანაა. მან მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ და მქონოდა დიდი ოცნებები. დღეს სწორედ ეს გვაკლია. გაქრა ამბიცია და იმედი“, - განაცხადა რინერმა Le Parisien-თან ინტერვიუში.
ოლიმპიური ჩემპიონი აცხადებს, რომ თავს არც მემარჯვენე და არც მემარცხენე პოლიტიკურ ბანაკს არ მიაკუთვნებს. მას პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ სპორტული კარიერის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ქვეყნის მართვაშიც გამოადგება.
რინერის თქმით, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა, როდესაც, მისი შეფასებით, ფრანგულმა საზოგადოებამ ერთიანობა და ეროვნული სიამაყე გამოავლინა.
რინერი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. მას ხუთი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. სპორტსმენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისი სპორტული კარიერის დასრულებას არ ნიშნავს და არ გამორიცხავს 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასაც.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება.