2025 წლის ივნისი დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი გამოდგა

დასავლეთ ევროპაში 2025 წლის ივნისი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე. ამის შესახებ ევროპის კლიმატის ცვლილებაზე მონიტორინგის სამსახური (Copernicus) იუწყება. მისი ცნობით, ზედიზედ მესამე წელია ტემპერატურის რეკორდი ფიქსირდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ევროპაზე გლობალური დათბობა სამჯერ უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე საშუალოდ დედამიწაზე. ივნისში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტემპერატურა +40 გრადუსამდე აიწია, ხოლო ესპანეთსა და პორტუგალიაში 46 გრადუსის ნიშნულს მიაღწია.
ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, სამანტა ბერჯესის თქმით, ცხელი ჰაერი კიდევ უფრო გააცხელა ხმელთაშუა ზღვის მაღალმა ტემპერატურამ. ხმელთაშუა ზღვის ზედაპირზე ტემპერატურამ +27 გრადუსი შეადგინა.
Copernicus-ის ცნობით, ივნისში საშუალო ტემპერატურა ბოლო წლების საშუალო მაჩვენებელზე 1,3 გრადუსით მაღალი იყო. პარიზის კლიმატის შეთანხმება მიზნად ისახავს, რომ 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურის მატება 2 გრადუსს არ გადასცდეს და ის 1,5 გრადუსის ფარგლებში იყოს შენარჩუნებული.