„2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული სიტუაცია“ - უკრაინის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას
უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება რუსული დარტყმების მკვეთრი ზრდის ფონზე და 32.6 მილიარდი დოლარის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას, - განუცხადა Euronews-ს ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.
მისი თქმით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა ასეთი მძიმე საბიუჯეტო კრიზისის წინაშე არ მდგარა. სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების შესყიდვის პრიორიტეტულობის ფონზე, ბიუჯეტის სხვა მუხლები შესაძლოა დაზარალდეს, ხოლო გადახდები შეფერხდეს, თუ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოიძებნა.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ლიკვიდობის პრობლემებს და ბიუჯეტში სახსრების დეფიციტს ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ლიკვიდობის ნაკლებობის გამო, მოგვიწიოს ომთან დაკავშირებული ზოგიერთი გადახდის გადავადება. ამას თავისი შედეგები ექნება“, – განაცხადა მარჩენკომ.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო შეფერხებები გარე კრედიტორებზე გავლენას არ მოახდენს.
მინისტრის თქმით, შედეგები, შესაძლოა, ადგილობრივ დონეზე იგრძნობოდეს, მათ შორის, თავშესაფრებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მიმართულებით.
მარჩენკოს განცხადებით, აგვისტოში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა. ის ახალ ბიუჯეტს იმ გათვლით ამზადებს, რომ ომი 2027 წლამდე გაგრძელდება. ამასთან, უკრაინას დაფინანსების 32.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტის დაფარვა დასჭირდება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მისია ამ კვირაში კიევში მუშაობდა, ანალოგიურ მაჩვენებლებს ასახელებს.
„ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა. ამას ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ. ეს სრულიად განსხვავებული რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, განსაკუთრებით ჩვენი ლოგისტიკის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო თავდასხმების ფონზე. ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით. ესკალაცია ნიშნავს, რომ უნდა მოვიძიოთ რესურსები, რათა ეს ზამთარი გადავიტანოთ“, – განაცხადა მარჩენკომ.