Loading data...
1000-ზე მეტი კენიელი რუსეთმა უკრაინაში ომისთვის გადაიბირა - კენიის დაზვერვა

რუსეთმა 1000-ზე მეტი კენიელი გადაიბირა უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ კენიის დაზვერვა იუწყება. ეს 5-ჯერ მეტია, ვიდრე კენიის ხელისუფლებას აქამდე ეგონა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

შესაბამისი ანგარიში კენიის პარლამენტს ნაციონალური ასამბლეაში უმრავლესობის ლიდერმა, კიმანი იჩუნგვამ წარუდგინა.

მოხსენების მიხედვით, კორუმპირებული ჩინოვნიკების და ადამიანებით მოვაჭრეთა ქსელის მიერ ყოფილი სამხედროების, პოლიციელების და უმუშევრების დაქირავება ხდებოდა. მათ თვეში 2715 დოლარის ოდენობის ხელფასს  და 9309 დოლარამდე პრემიებს ჰპირდებოდნენ.

კენიელები ქვეყანას ტურისტული ვიზით თურქეთის ან არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით ტოვებდნენ, მოგვიანებით, როდესაც ნაირობის აეროპორტში კონტროლი გამკაცრდა, ისინი ქვეყანას უგანდის, სამხრეთ აფრიკის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გავლით ტოვებდნენ.

გადაბირებაზე მომუშავე სააგენტოები აეროპორტების კორუმპირებულ თანამშრომლებთან იყვნენ დაკავშირებულები. ასევე ამ საქმეში რუსეთის ფედერაციის საელჩო კენიაში და მოსკოვში კენიის დიპლომატიური წარმომადგენლობა იყვნენ ჩართულები.

Reuters-ის ცნობით, მარტში კენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუსალია მუდავადი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, რათა ამ სიტუაციის გარკვევა მოხდეს.